"სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს ღალატობს მოთმინება", - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის პროექტიდან კომპანია ENKA-ს გასვლას.
როგორც მინისტრი ამბობს, ნამახვანჰესის პროექტი მნიშვნელოვანია და მისი "ერთგული რჩებიან".
"თუმცა ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან და კითხვებს გარემოს დამცველების მხრიდან, შეიძლება იყოს უფრო მეტად სრულყოფილი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები. სწორედ იმისკენ არის ჩვენი ყველა მცდელობა, მედიაცია, დამატებითი კვლევები მიმართული, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს ღალატობს მოთმინება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე", - ამბობს თურნავა.
22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერთი წელი მიმდინარეობდა. 2021 წლის 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისშიც აპროტესტებდნენ.
საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ ზიარალზე რასაც ხელშეკრულების შეწყვეტით ბიუჯეტი მიიღებს.