სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს.
გარდა ამისა, ლომჯარიას თქმით, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ომბუდსმენი ამბობს, მან მესამე პრეზიდენტისგან მიიღო ინფორმაცია მის დაკავებასთან დაკავშირებით.
"ის იმყოფებოდა ექიმებთან და გადიოდა სამედიცინო შემოწმებას. შემდეგ საკანში გავესაუბრე. მაინტერესებდა დაკავების გარემოებები და ხომ არ იყო ადგილი ძალის გადამეტებას ან ხომ არ ჰქონდა დაზიანებები. როგორც მან განაცხადა, ის დააკავეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და იმყოფებოდა მარტო. თავად გააღო კარი. დააკავა პოლიციამ, არ გაუწევია წინააღმდეგობა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. აცხადებს შიმშილობას და ასევე როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულტან შეხვედრას. როგორ შემოვიდა და რა გზებით, მას არ სურს რომ ვისაუბრო და სიღრმისეულად არ შევეხეთ ამ ფაქტს. ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ის მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.