ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, ქართულმა ოცნებამ, შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.
მათივე ცნობით, კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში 67,000 ლარი შესწირეს, სახელმწიფო შესყიდვებიდან თითქმის 8 მილიონი ლარი მიიღეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიებმა ქართული ოცნების სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობის დღეს მსხვილი ხელშეკრულებები გააფორმეს სახელმწიფო სტრუქტურებთან.
"ერთ-ერთი კომპანია ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის, რომელმაც 1,173,000 ლარი მხოლოდ ერთ თვეში მიიღო;
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გაღებული შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველთვის საყურადღებოა, რა დგას მსგავსი შემოწირულებების უკან და ადგილი ხომ არ აქვს პოლიტიკურ კორუფციას.
პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.
შპს იბოლიამ 20, 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნებას. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია იოსებ მაკრახიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან. 2021 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში კომპანიამ დაახ. 1,173,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იღებს მსხვილ თანხას ბიუჯეტიდან. იოსებ მაკრახიძემ ასევე პირადად ჯამში 100,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში.
შპს შარა გზამშენი-პირველმა 5,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ ამავე დღეს უკონკურენტოდ მოიგო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება 266,700 ლარია. შპს შარა გზამშენი-პირველმა მხოლოდ სექტემბრის თვეში ჯამში დაახ. 2,334,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ 2017 წელსაც შეწირა 20,000 ლარი მმართველ პარტიას. შპს შარა გზამშენ-პირველს ჯამში დაახ. 70 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახლემწიფო ბიუჯეტიდან", - წერია განცხადებაში.