logo
ENG



თაბაგარი: 5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალმდებელი მხარე პატიმრობას ითხოვს

07 ოქტ 202115:31
3 წუთის საკითხავი
clock 1094
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მისთვის პატიმრობას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს, 7 ოქტომბერს გაიმართა. 

"დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს", - წერს თაბაგარი ფეისბუქის გვერდზე. 

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მისი თქმით, საქმე ეხება პოლიციელთან სატელეფონო საუბარს. შემთხვევას თავად გიორგი თაბაგარი ასე აღწერს: 

"2-3 საათია, ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ადგილას და მირეკავს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას".

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში რუსთაველის მეტროდან ღირსების მარში უნდა გამართულიყო. 

მოძალადე ჯგუფებმა აქციის დასარბევად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილით 10:00 საათიდან კი მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციური კარვები აიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტების ცემა დაიწყეს და მათ ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ. მათ ასევე დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისები. პრაიდის ორგანიზატორებს უწევდათ სხვადასხვა ადგილას დამალვა, ვინაიდან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, მოძალადე ჯგუფები კი მათ ადგილსამყოფელს მალევე იგებდნენ. 

ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება დაახლოებით 12:00 საათზე გააკეთა და მაშინ, როცა მოძალადეები თბილისის ქუჩებში ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, თქვა, რომ პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს ეკისრება. 

სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე დაშავდა 53 ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად ცემიდან 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა