logo
ENG



პატრიარქი ბათუმის ტრაგედიაზე: ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის

10 ოქტ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი." - ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედიას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.


close დახურვა