შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა, სულ 3 ადამიანი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზეთ ბათუმელების ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა.
რეესტრმა 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.
დღეს, 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა საჯარო რეესტრმაც და თქვა, ზაურ ბუდაგოვის განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
"საჯარო რეესტრის ცნობით, მათ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.
განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა". - აცხადებს უწყება.
***
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 9:00 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან ორი ცოცხალი და 5 გარდაცვლილი. 5 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი.
მანამდე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, კორპუსის ნანგრევებში სულ 10 ადამიანი მოყვა.