logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: სახელმწიფო საყრდენი კედლების გარეშე

10 ოქტ 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 1049

ვლადიმირ პუტინს, 69-ე დაბადების დღეზე, დასავლეთმა განსაკუთრებული "საჩუქარი" გაუკეთა. ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია ფილიპინელ ჟურნალისტთან ერთად "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს დიმიტრი მურატოვს მიანიჭა. არადა ზუსტად 15 წლის წინ, დაბადების დღე რუსეთის მმართველს, იმავე გაზეთის ჟურნალისტის, კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი, ანა პოლიტკოვსკაიას სასტიკი მკვლელობით მიულოცეს.

მკაფიო გზავნილი, რომ დემოკრატიული სამყარო რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ თავგანწირვით მებრძოლი თითოეული ჟურნალისტის გვერდით დგას, მხოლოდ პუტინისთვის გამიზნული არ გეგონოთ. ეს არის ყველა დიდი თუ პატარა ავტორიტარის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სიმბოლური აქტიც. ეჭვგარეშეა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ დასავლეთს მეტი პრინციპულობა და ხერხემალი ადრევე გამოეჩინა და ჟურნალისტებზე მონადირე ხელისუფლებებთან ენის მოჩლექით არ ესაუბრა, თუმცა არც ახლა არის გვიან, რადგან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას რომ თავი დავანებოთ, დიდი ხანია ასე სახიფათო არ ყოფილა ეს პროფესია საქართველოში, როგორც დღეს. და როდესაც ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული თავისუფლებასა და ტირანიას შორის და როდესაც ნობელის კომიტეტმა ამ პრინციპული გადაწყვეტილებით გამოწვევის მასშტაბს კიდევ უფრო მეტი წონა შესძინა, დროა ჩვენც დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ ვისკენ ვართ: თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, უსამართლოდ დევნილი, დაპატიმრებული თუ მოკლული ჟურნალისტების, აქტივისტების და პოლიტიკოსებისკენ თუ მათი მჩაგვრელი, ჟურნალისტებზე მონადირე, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ავტორიტარული რეჟიმებისკენ.

ვის მხარეს ვდგავართ, მურატოვის და პოლიტკოვსაკიას თუ პუტინის და ივანიშვილის? გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის მომავალიც სრულად იმაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ, როგორც საზოგადოება რა არჩევანს გავაკეთებთ: ავირჩევთ სტატუს კვოს ივანიშვილის სახით, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანის სიცოცხლეს არად დაგიდევთ: პანდემიას ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქეს წირავს, ცემით კლავს ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს, ციხეში ამწყვდევს პოლიტიკოსებს, აღარიბებს მოსახლეობას, ძირს უთხრის და იტაცებს სახელმწიფოს; თუ ავირჩევთ ცვლილებას, რომლისთვისაც თავგანწირვით იბრძვიან, ჟურნალისტებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც, გულანთებული ახალგაზრდა და თუ უკვე ასაკოვანი მოქალაქეები და პატრიოტები, რისთვისაც ციხეში შიმშილობს და საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს პრეზიდენტი სააკაშვილი და რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი შეურაცხყოფისა თუ გადაგდების მიუხედავად მოთმინებით ელის დასავლეთი.

სამწუხაროდ ეს ქვეყანა უკვე იქცა ცუდი ამბების გაუვალ საცობად, სადაც კარგი აღარაფერი ხდება, ხელისულება კი მხოლოდ ტრაგიკული მოვლენების გენერატორია. გავხდით ერთი კაცის სახელმწიფო პირდაპირი გაგებით, სადაც ის ერთი კაცი მართლაც ხელმწიფეა და არქიფო სეთურივით გვმართავს. მოტყუებული მოსახლეობა კი იმედით შეჰყურებს ზებოს როლში შესულ ღარიბაშვილს, რომელმაც ვითომდა ევროპისკენ, სინამდვილეში კი პირდაპირ რუსეთისკენ მიმავალი გზის ბოლოს, 2030 წელს გამარჯვების ზარი უნდა დარეკოს. სულ მალე მივალთ იქამდე, როდესაც დაბადების დღეზე თუ ბიძინაობის მორიგ დღესასწაულზე, მბრძანებელს, პუტინის მსგავსად ყველაზე კრიტიკული ჟურნალისტის თავსაც მიართმევენ. ან რატომ გვაქვს სხვა მოლოდინი ერს და საზოგადოებას, როდესაც სახელმწიფოს საყრდენ კედლებს ვაცლით?

კონსტიტუცია და არჩევნებია ჩვენი საყრდენი კედლები. ერთზე გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს იქ რა წერია, მთავარია იმ მომენტში ვიღაცეების მიერ ეგზალტირებულ მოჩვენებით უმრავლესობას რა უნდა. არჩევნები კი ნელნელა ემსგავსება რუსული "სუვერენული დემოკრატიის" მოდელის საყრდენს - სადაც უკვე ტოტალური ზეწოლისა და მოსყიდვის მიუხედავად დამდგარი შედეგებიც კი უტიფრად გადახედვას და გადაწერას ექვემდებარება. ხოდა თუ ამას ვეგუებით, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსივით ქვეყანა თავზე ჩამოგვექცეს და ქვეშ მოგვიყოლოს. საყრდენი კედლების გამოცლა კი მხოლოდ ვიღაცის უპასუხისმგებლობას და უტიფრობას კი არა - საკუთარ გულგრილობას და წინდაუხედაობას უნდა დავაბრალოთ.


close დახურვა