მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა.
ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ეპისკოპოსმა თქვა, რომ "პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს".
"ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე [პეტიციას]. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ინსტიტუტს. ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები". - ამბობს სასულიერო პირი.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 კვირის წინ მიმართა განცხადებით, მისცენ ექსპრეზიდენტის მონახულების უფლება. ის ჯერაც ელოდება დასტურს.
სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ნიკა გვარამიამ დღეს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია მოთავსებული.