logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ვთხოვე სააკაშვილს, მოუწოდოს მომხრეებს, ვიფიქროთ შერიგებასა და მიტევებაზე

13 ოქტ 202118:31
3 წუთის საკითხავი
clock 2643

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მან სთხოვა ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, რომ თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ჟურნალისტებს ციხის დატოვებს შემდეგ განუცხადა.

"გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს სუყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი", - განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას, ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ის "ჩვეულებრივად გამოიყურება". მისივე თქმით, შიმშილობასთან დაკავშირებით სააკაშვილთან არ უსაუბრია. 

"თვითონ ვკითხე და ძალიან მიხარია, რომ მისი პოზიციაც არის ზუსტად ასეთი. სრული თანხმობა. აი, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ასე ფიქრობს", - აღნიშნა სინოდის წევრმა. 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა. 

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთ-ერთია ოთხი მიტროპოლიტიდან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.


close დახურვა