logo
ENG

გიორგი თარგამაძის OP-ED: 14 ოქტომბრის გზავნილი

13 ოქტ 202121:05
3 წუთის საკითხავი
clock 262

თუ სააკაშვილის მმართველობას ავტორიტარული მოდერნიზაციის ხანას დავარქმევთ, რომლის დროსაც დემოკრატიული ინსტიტუტების ნიველირების ხარჯზე, სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა სახელმწიფო მმართველობითი სისტემის კარკასის ფორმირება, ინფრასტრუქტურული ქსოვილის განვითარება, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირება, რის შედეგადაც საქართველო მართლაც იქცა რეგიონის დემოკრატიულ იდეალად თუ არა - დასავლეთის იმედად და მანათობელ შუქურად, ივანიშვილის მმართველობის პერიოდს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ ავტორიტარული სტაგნაცია, რომელიც სახელმწიფო მმართველობითი სისტემების დასუსტებით, დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლით და დემონიზებით, ეკონომიკური უკუსვლით, მასობრივი სიღატაკით, სახელმწიფო ვალისა და მიგრაციული სალდოს კატასტროფული ზრდითა და დასავლეთიდან მკვეთრი დისტანცირებით გამოიხატა.

დღეს საქართველო შუქურა კი არა და ბოლომდეა ჩამქრალი და აქედან გამავალი სიგნალები იმავე დასავლეთს მცირე ოპტიმიზმის საფუძველსაც აღარ აძლევს.

ამ ყველაფერის შემდეგ რა გასაკვირია, რომ აღარ გვსურდეს არც ავტორიტარული მოდერნიზაცია - ანუ "ძველი მიშა“ და კიდევ უფრო მეტად ვეწინააღმდეგებოდეთ ავტორიტარულ სტაგნაციას - ანუ "მუდმივ ბიძინას". 

ისიც ადვილი მისახვედრია, რომ ამ ორის საუკეთესო ალტერნატივა დემოკრატიული მოდერნიზაციიაა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი თუ ივანიშვილის რეტროგრადული ხელისუფლება შეიცვლება, მომავალში კი ვერავინ, მათ შორის ვერც სააკაშვილი, ქვეყნის მართვას ერთპიროვნულად ვეღარ შეძლებს. ამ მიზნის მიღწევას ორი რამ სჭირდება: პირველი ეს არის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემა, რომელიც უკვე გვაქვს და ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ შემდეგი მთავრობა კოალიციური იყოს. და მეორე: ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების თავიდან აცილება.

აი ამისთვის კი საჭიროა შედგეს ეროვნული თანხმობა, დაფუძნებული ურთიერთშენდობასა და საყოველთაო ამნისტიაზე, რაც პოლიტიკურ პროცესს განაახლებს და სადაც ცივილიზებული კონკურენციისა და სამართლიანი არჩევნების პირობებში ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის მიშასაც და ბიძინასაც მიეცემათ თავისუფლად მონაწილეობის საშუალება. ასეთ შემთხვევაში, დღევანდელ პოლარიზებულ ვითარებაშიც კი, ვერც ერთი მხარე სრულ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მათ აუცილებლად დასჭირდებათ კოალიციური პარტნიორები, რაც უკვე ნიშნავს ძალაუფლების გაყოფას და ავტორიტარული მიდრეკილებებისთვის ფრთების შეკვეცას.

დღეისთვის ამ პროცესის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი და დამკვიდრებული რწმენითი ილუზიაა, რომლის საშუალებითაც მხარეები სასურველის რეალობად გასაღებას ახერხებენ. ამის ნათელი მაგალითია ოცნების გუშინდელი მესიჯ-ბოქსი - ანუ სალაპარაკო გზავნილები, რომელიც ამტკიცებს, რომ თურმე ნაცმოძრაობა მილევად მდგომარეობაშია, რაც მმართველი პარტიის ლიდერებს როგორც ჩანს რწმენაში გადაეზარდათ, არადა სინამდვილე სრულიად სხვაა: ნაცმოძრაობამ 2 ოქტომბერს 33 პროცენტი აიღო, რაც 2012 წლის შემდეგ მათი საუკეთესო შედეგია.

მეორეს მხრივ, ასეთივე აცდენაა ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ნაწილში მიხეილ სააკაშვილის სრულ უცოდველობასთან, ყოვლისშემძლეობასა და მესიანურ როლთან მიმართებაში. რეალურად, მიშა დღეს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველიც რომ გახდეს, იმის გაკეთებას ვეღარ შეძლებს, რაც მან პრეზიდენტობის დასაწყისში მოსახლეობის ლამის 90 პროცენტიანი მხარდაჭერითა და დასავლეთის უპირობო და აქტიური გვერდში დგომით მოახერხა. დღევანდელი სურათი საგრძნობლად შეცვლილია: სააკაშვილის ოდესღაც მხარდამჭერთა ნახევარი დღეს მისი წინააღმდეგია, ხოლო დასავლეთში მის მიმართ დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანია. საზოგადოების ორივე ნაწილის ილუზიაში ყოფნა კი ისევ პოლიტიკურ პოლუსებს აძლიერებს და ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისისკენ მიაქანებს.

ვითარების განმუხტვის ერთდერთი გზა კი ამ ჰიპნოზური ძილიდან გამოსვლაა, რის გარეშეც ვერც ეროვნული თანხმობა შედგება და ვერც დიდი შერიგების აქტი მოხერხდება. გამოფხიზლების საშუალება კი ძალის მშვიდობიანი დემონსტრირება - მასშტაბური ვიზუალური ეფექტი უნდა იყოს, რომელიც ამ ადამიანებს, უპირველესად მეოცნებეებს კვლავ შერაცხადს გახდის და რეალობაში დააბრუნებს.

სწორედ ამის გამო იძენს ხვალინდელი აქცია დიდ მნიშვნელობას, რადგან სწორედ მან უნდა შეასრულოს იმ ვიზუალური ეფექტის როლი, რომელიც გამოაფხიზლებს რწმენით ილუზიაში მყოფ ადამიანებს და ბიძგს მისცემს ეროვნულ თანხმობაზე დამყარებული, სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დასაწყისს.

ამიტომაც, 14 ოქტომბრის აქციას არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ მიშას თავისუფლების, ან თუნდაც პოლიტიკური მართლმსაჯულების საწინააღმდეგო მიტინგს, არამედ როგორც ეროვნული თანხმობის დემონსტრირების აქტს ყველა იმ მოქალაქის მხრიდან, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი და მომავალი ადარდებს.

სხვათა შორის ეს გზავნილები თავად მოშიმშილე სააკაშვილის ბოლო მიმართვებშიც ნათლად დომინირებს და ისიც, რომ საკვანძო თარიღი პოლიტიკური გარდატეხისთვის 30 ოქტომბერია, ხოლო ხვალინდელი დემონსტრაცია ამ მომენტის მოსაახლოებელი საუკეთესო მექანიზმი.

სხვაგვარად ყველანი კვლავ აღმოვჩნდებით ჩართული დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ან რევოლუცია, ან ღრმა ავტორიტარული სტაგნაცია მოჰყვება, ეს თამაში ორივე მოთამაშისთვის ძალიან მაღალი რისკებით იქნება დატვირთული, მოგებული, საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთხელ წაიღებს ყველაფერს, და ამ ყველაფერს შეიძლება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული მოდერნიზაციის იმედიც კიდევ დიდი ხნით გადაყვეს..

close დახურვა