logo
ENG



#თავისუფლებამიშას - თავისუფლების მოედანზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება

14 ოქტ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი აქციაზე საქართველოს დროშებით, ასევე ამერიკის და ევროკავშირის სიმბოლიკითა და სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით არიან მისული. 

გარდა ამისა, მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის კადრები გადის. ისმის მუსიკაც. 

"ბრძოლა და თავისუფლება ვისწავლეთ მიშასგან. 2003 წელს ბნელოდა და ახლა რომ სინათლეა ამ ქვეყანაში, ეს არის მიშას დამსახურება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მოქალაქეების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეები ასევე ორბელიანის მოედანზეც შეიკრიბნენ და ძირითად აქციას შეუერთდნენ. 

თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე იმყოფებიან. ისინი ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. აქციას სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან. 

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. 

აღსანიშნავია, რომ აქციაზე მომსვლელთა რაოდენობა მატულობს. ხოლო ქალაქის ცენტრალური გამზირი და მთავარი მოედანი გადაკეტილია

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციისთვის თბილისისკენ მომავალ კოლონებს, ხელს უშლიდა ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ავტომობილებს ცოცხებს ესროდნენ

სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა