logo
ENG



რუსთავში ევროპული საქართველოს წევრს სცემეს

15 ოქტ 202110:26
3 წუთის საკითხავი
clock 848

ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს რუსთავში, ვახტანგ ქებაძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქებაძე ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი გარს შემოეხვია, მათგან სამმა ფიზიკურად იძალადა. დამტვრეულია მისი ავტომობილიც. დაშავებულს რუსთავის კლინიკაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და კვლევები ჩაუტარდა.

"დავინახე, რომ 50-ზე მეტი აგრესიულად განწყობილი ადამიანი მოემართებოდა ჩემს პირდაპირ... დამესხნენ თავს, როგორც ფიზიკურად ისე სიტყვიერად. მანქანას დაუშინეს, როგორც კვერცხები ისე ცოცხები, სხვადასხვა ნივთები, რაც ხელში ეკავათ. სამი ადამიანი იყო, ვინც ფიზიკურად იძალადა ჩემზე, დანარჩენები გარს იყვნენ  შემოხვეული და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ" - აცხადებს ქებაძე.

ვახტანგ ქებაძე ირწმუნება, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს: "საკმაოდ ბევრნი იყვნენ და იყვნენ შეიარაღებულები... ეტყობა ელოდებოდნენ რუსთავის გასასვლელში. ალბათ, იცოდნენ, რომ ყველა გამსვლელი იქით [აქციაზე] მიდიოდა. იყვნენ შეიარაღებულნი ცოცხებით, კვერცხებით".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

close დახურვა