logo
ENG



ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

15 ოქტ 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 1393

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა. 

"დღეს მოვედი, რომ ვინახულო მესამე პრეზიდენტი, ვნახო, გავესაუბრო და ვნახო, რა მდგომარეობაშია. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე მეც იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ერი", - განაცხადა ეპისკოპოსმა. 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში მივიდნენ. ამასთან, სინოდის ოთხმა წევრმა, სასულიერო პირმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასაც მოაწერა ხელი. 

მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ციხის დატოვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სთხოვა სააკაშვილს, თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. 

გარდა ამისა, ციხეში მისული იყო პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი. როგორც მან თქვა, სააკაშვილს პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-15 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

ადვოკატებისა და მისი თანაგუნდელების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, კი ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტების გუნდი შექმნა, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობას დაამონიტორინგებს. 


close დახურვა