logo
ENG



ქურდოვანიძე: კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს

19 ოქტ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, დღეს სასამართლომ ცესკოს მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ წარდგენილ სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა და კუჭავას ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

"კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად "მოულოდნელად", კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა".- წერს იურისტი ნონა ქურდოვანიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დროს, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა. კუჭავამ მაშინ განაცხადა, რომ სანამ უბანზე მივიდოდა, დილით არ მიუქცევია ყურადღება, რომელი პირბადე გაიკეთა. 

ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, კახა კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.


close დახურვა