რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიენიჭა. ოპოზიციონერის კანდიდატურა ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპის განახლების ფრაქციამ წარადგინეს.
"სახაროვის პრემია, რა თქმა უნდა, ასევე არის პრემია ყველა ჩვენგანისთვის. ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომლებიც ყველაზე ბნელ პერიოდში არ შეშინებულან სიმართლე ესაუბრათ. ყოველდღიურად ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ", - წერია ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ტვიტერზე.
"ბატონო პუტინ, გაათავისუფლეთ ალექსეი ნავალნი. ევროპა მოითხოვს მისი და ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებას", - აცხადებენ ევროპის სახალხო პარტიაში.
"ის დაუღალავად ებრძვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კორუფციას. ეს მას თავისუფლების და თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დღევანდელი პრემია ადასტურებს მის უდიდეს სიმამაცეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მისი გათავისუფლებისკენ", - წერს ტვიტერზე ევროპარლამენტის ხელმძღვანელი, დევიდ სასოლი.
2021 წელს პრემიის ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ ბრიტანული ორგანიზაცია ეკოლოგიის საკითხებში Global Witness, ციხეში მყოფი ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ხეანინე ანიესი, აქტივისტი სულთან ჰაია და 11 ავღანელი ქალი.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 15 დეკემბერს გაიმართება.
ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.
სხვადასხვა დროს ლაურეატები გამხდარან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გაეროს ხელმძღვანელი კოფი ანანი, რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა, უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. გასულ წელს პრემია ბელარუს ოპოზიციას გადაეცა.