"ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის" - ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიცია აქციას მართავს. ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, ორი ლოკაციიდან დაიძრნენ და ქალაქის გავლით, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან შეიკრიბნენ.
აქციის მიზანი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მერობის კანდიდატების მხარდაჭერაა. აქციის ერთ-ერთი გზავნილი ასევე მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
აჭარაში მეორე ტური ხელვაჩაურსა და ბათუმში გაიმართება, სადაც მერობისთვის მიშა ბოლქვაძე და გიორგი კირთაძე იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ აქციას ასევე ქობულეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა. სხვადასხვა საერთაშორისო მედიების ცნობით, აქციაში 50-70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 23-ე დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".