logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, გამორიცხულია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში

24 ოქტ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ არის პრივილიგირებული პატიმარი, შესაბამისად, მისი მკურნალობაც ციხის კლინიკაში მოხდება. 

ღარიბაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით შიმშილობს და მერე ისევ "ხელისუფლებას ადებს ვალს". 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა მისმა ადვოკატებმა და პირადმა ექიმმა მოითხოვეს. იგივე რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარმა ექიმთა კონსილიუმმა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, სააკაშვილის მდგომარეობა კი შეიძლება, დამძიმდეს. როგორც ამბობენ, ექსპრეზიდენტს უკვე აქვს გულის პრობლემები. 

"უნდა შეეგუოს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, მას სრული კომფორტი აქვს მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება, გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში". - ამბობს პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი ამბობს იმასაც, რომ მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას, "შიმშილობს თუ დიეტაზეა" ექსპრეზიდენტი. 

მისივე ვერსიით, მიხეილ სააკაშვილის გეგმაა, დაიწყოს სიმულიანტობა, თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ როგორმე კერძო კლინიკაში გადაიყვანონ.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადვოკატების ეს მოთხოვნა "მორიგი პროვოკაციაა" და საავადმყოფოში გადაყვანით მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ. 

მისი ვერსიით, ექსპრეზიდენტს და მის დამცველებს "გეგმა აქვთ, რომ 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები და სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ". 

"წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არის კაცი, რომელიც ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში.

[...] თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და არ გადაიხედება". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 24-ე დღეს სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბრობენ როგორც მისი პირადი ექიმი, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმის წევრები. 

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ ის გუშინ, 23 ოქტომბრის საღამოს მოინახულა, შემდეგ კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. ყოფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება. 

იუსტიციის მინისტრმა კი განახადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება. 

თუმცა, იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, ადასტურებს კონსილიუმის წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავაც. 

ქსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისამართლებრივად დევნის, საქართველოში 1-ლი ოქტომბრის საღამოს დააკავეს. მანამდე, იმავე დღეს, დილით, სააკაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბათუმშია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის, საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე, დილით, მან თქვა, რომ ბათუმშია. 

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 24 დღეა, შიმშილობს. 


close დახურვა