logo
ENG



ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შედგა, იგი თანახმაა, მკურნალობა გააგრძელოს

28 ოქტ 202118:57
3 წუთის საკითხავი
clock 1069
ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შედგა, იგი თანახმაა, მკურნალობა გააგრძელოს
კადრი

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შედგა და იგი თანახმაა, მკურნალობა გააგრძელოს. რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შეხვედრების ოთახში ბარიერი ისევ არის, თუმცა დატოვეს სივრცე წერილების გაცვლისთვის. 

"აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სუს-ის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება - უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე. ასევე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსოლიუმის წევრების მიმართ და მოიხადა ბოდიში, რომ დღეს არ შეხვდა მათ. ახლა უკვე ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ექიმებთან თანამშრომლობას", - თქვა ადვოკატმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე და მოითხოვა, რომ ადვოკატებთან კონტაქტისთვის შეხვედრების ოთახი პირვანდელი სახით დაბრუნდეს.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა