ნაციონალური მოძრაობის წევრის, მირდატ ქამადაძის ცნობით, ბათუმში ბათილი ბიულეინების ჯამმა 2071 შეადგინა, კანდიდატების შორის სხვაობა კი 1200 ხმაა. ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 36 710 ხმა, ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა კი 38 236 ხმა მიიღო.
ფორმულას ეთერში საუბრისას ქამადაძე აცხადებს, რომ კომისიის წევრებს ხელისუფლებისგან ჰქონდათ დავალებული, გაებათილებინათ ოპოზიციის ბიულეტენები.
"იმაზე ორჯერ მეტი ბიულეტენია ბათილი, ვიდრე არის კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა, რაც დაწერა ცესკომ. 2071 ბიულეტინია ბათილი და სხვაობა არია კანდიდატებს შორის 1200 ხმა.
გუშინ 19:30 საათზე, ნახევარი საათით ადრე, ვიდრე დაიხურებოდა უბნები, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ქართული ოცნების შტაბიდან, რომ ქართულმა ოცნებამ გასცა დავალება კომისიის წევრებზე, რომ ბათილად ეცნოთ ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის ნება ცალსახად იკითხება", - აცხადებს ქამადაძე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა.
მან ხმების 51.018% მიიღო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ - 48.982%;
ხმების ბოლომდე დათვლამდე გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მეთოდები იყო დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.