logo
ENG



ბათილობა, სპეცუბანი, ძალადობა, ზეწოლა - დეკანოიძემ ქუთაისში მანიპულაციების სქემა ახსნა

31 ოქტ 202117:10
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით არჩევნების დღეს გამოვლენილმა სერიოზულმა დარღვევებმა, საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა. ის კონკრეტული უბნების გადათვლას და/ან ბათილად ცნობას მოითხოვს.

„მინდა საზოგადოებას გავაცნო ძალიან კონკრეტული ფაქტები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაყალბდა და კონკრეტულად რა სქემები შეიმუშავეს ქუთაისთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში რომ ამ არჩევნების რეალური შედეგი, რაც იყო გამოხატული ქუთაისის მოქალაქეების მიერ საარჩევნო ყუთებთან, არ დამდგარიყო" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. 

ხატია დეკანოიძის თქმით:

  • ქუთაისის 124 უბნის შედეგების დათვლის შემდეგ კანდიდატებს შორის სხვაობა 2 222 ხმაა. საერთო ბათილი ბიულეტინების რაოდენობა კი - 2 396, რაც აღემატება კანდიდატებს შორის სხვაობას.
  • საბოლოო ოქმებში დისბალანსი 124-დან 20 უბნის ოლქში დაფიქსირდა, დეკანოიძის თქმით, ის მოითხოვს ყველა ამ უბნის გადათვლას.

მერობის კანდიდატმა ისაუბრა გადასატან ყუთებთან, კოვიდ-უბნებთან და სასჯელაღსრულების დაწესებულების საარჩევნო უბნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე

  • კოვიდ-უბანზე, სულ 518 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 441-მა. ცესკოს მონაცემებით ოპოზიციამ - 68, ხოლო ქართულმა ოცნებამ - 356 ხმა მიიღო, 15 ბიულეტენი კი ბათილი იყო ცნობილი. დეკანოიძის თქმით, კოვიდ-უბანზე დისბალანსის გარდა, არ მოქმედებდა ფარულობის პრინციპი ხმის მიცემისას. ოპოზიციას არ შეეძლო დაკვირვებოდა ხმის მიცემის პროცესს. ამ უბანზეც მოითხოვენ გადათვლას და გაბათილებას, დიდი რაოდენობით დისბალანსისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო. მერობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს კოვიდ-უბანზე რეგისტრაციისას პრობლემები ექმნებოდათ.

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ საარჩევნო უბანზე - 155 ადამიანი იყო რეგისტრირებული. აქედან ხმა 145-მა ადამიანმა მისცა, 123-მა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. დეკანოიძის თქმით, აქ ოპოზიციას ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების ბერკეტი არ ჰქონდა. ამ შემთხევაშიც არსებობს ეჭვები ფარულად ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან ოპოზიციისთვის უცნობია, რა ვითარებაში წარიმართა ხმის მიცემა. დეკანოიძე ამ უბნის გაბათილებასაც მოითხოვს.

  • გადასატან ყუთზე ქუთაისში 3 416 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, შესაბამისად არსებობს ეჭვები კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. დეკანოიძის თქმით, იმ პირობებში, როცა კანდიდატებს შორის სხვაობა 2 222 ხმაა, გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ადამიანების განსაკუთრებით დიდი რიცხვი, შესაძლოა, ყოფილიყო ხმებით მანიპულირების გზა. ამასთანავე, ოპოზიციის მომხრეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დროულად გაევლოთ რეგისტრაცია. 

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ასახელებს კონკრეტულ უბნებს, სადაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი:

  • #14, #15, #40, #41 და #43 უბნებზე გამოვლინდა ძალადობის ფაქტები.

  • #69, #70, #71 უბნებთან მისვლა ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის გართულებული იყო, ვინაიდან უბნებთან მისასვლელ გზებზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ კონცენტრირებული ქართული ოცნების ე.წ „ქუჩის მაყურებლები“. პოლიცია კი ასეთი შემთხვევებისას  უმოქმედო იყო.

  • #37 უბანზე კი განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყო კონცენტრირებული მაშინ, როცა უბანზე ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდოდა.

დეკანოიძის თქმით, ქუთაისის მრავალ საარჩევნო უბანზე მობილიზებულები იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სხვადასხვა რაიონიდან. მათ გარდა უბნებზე იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც მიიჩნევიან დამოუკიდებელ ტრენერებად და ექსპერტებად, სინამდვილეში კი ასრულებდნენ ქართული ოცნების მითითებებს.

საბოლოო ჯამში, მერობის კანდიდატის განცხადებით, თითოეულმა ამ დარღვევამ სერიოზული გავლენა მოახდინა ქუთაისში არჩევნების შედეგებზე. დეკანოიძის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ხმების გადათვლას და/ან უბნების გაუქმებას და მიმართავს, როგორც საოლქო კომისიას, ისე სასამართლოს. მისი თქმით ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავენ პროკურატურასაც, რათა ძალადობაში ჩართული თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.


close დახურვა