logo
ENG



ანა დოლიძე ოპოზიციას მოუწოდებს, საკრებულოებში მერის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ

02 ნოე 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 919

ანა დოლიძე ოპოზიციას, ხელისუფლებასთან ბრძოლის სამართლებრივ გზად, მუნიციპალიტეტებში საკრებულოებისა და ამომრჩევლის მხრიდან ქართული ოცნების მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სთავაზობს.

დოლიძეს მიაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ცესკოს შედეგები კი მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგან გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატებმა მოიპოვეს.

ანა დოლიძე ოპოზიციას სთავაზობს, გამოიყენონ სამართლებრივი გზები ქართული ოცნების წინააღმდეგ. იმ რაიონებში, სადაც ოპოზიცია საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, კანონმდებლობით შესაძლებელია მერის იმპიჩმენტის საკითხი დაყენება. მეორე ალტერნატივაა, ე.წ სახალხო იმპიჩმენტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩევლების 20%-ის თანხმობით, ასევე შესაძლებელია მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოში დაისვას.

„ჩვენ, ოპოზიციას  ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია - ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს,  ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტია ხალხისთვის ლიდერის თქმით სახალხო იმპიჩმენტი და საკრებულოს გადაწყვეტილება იქნება სიგნალი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი და ქვეყანა მზადაა ვადამდელი არჩევნებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზა, რომელსაც მე ვთავაზობ ოპოზიციას და რომლის  განხორციელებაშიც მე მათ მხარში დავუდგები ამ მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

30 ოქტომბერს, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

ოპოზიციურმა კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. 

 

close დახურვა