
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ეხმაურება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 31 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოქმედი წევრი სხვა მოსამართლეებით ჩაანაცვლეს.
იან კელი twitter-ზე წერს: "გარკვევით ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია".
იან კელი ასევე წერს აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ციტატას, სადაც ნათქვამია, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.
Let’s be clear: this is not democracy. “The process was neither competitive nor transparent…There was no opportunity for…participation by a broad range of qualified candidates, nor for meaningful engagement by relevant interlocutors and civil society.” https://t.co/Ul7SNXKDkp
— Ian Kelly (@ikelly731) November 2, 2021
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი.
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.
კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც.
მან მიანიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ევროკავშირის მხრიდან, რომლის გადმორიცხვაც სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მათ მიერ სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
ამასთან, მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.