ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აკრიტიკებს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2021 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი ქალი ე.წ კლანის წევრმა 2-მა კაცმა მოსამართლემ ჩაანაცვლა.
ჰარცელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს დანიშვნები არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს მოხდა - მხოლოდ 4 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.
ელჩმა მიანიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეც.
"დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში". - ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.
ჰარცელი ლაპარაკობს 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ და რომელსაც, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“.
ევროკავშირის ელჩი ხაზს უსვამს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებას, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის გაუტარებლობას მოჰყვა.
"მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს;
დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.
ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს.
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე". - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
მიჩნეულია, რომ სილაგაძეც და გოგინაშვილიც ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრიები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას და დახმარების შეჩერებას - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე, თუმცა, რეალურად, დახმარება ევროკავშირმა თავად შეაჩერა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობები სრულად შეესრულებინა. საქმე ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.
საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, არ დაენიშნა უვადო მოსამართლეები უზენაეს საქართველოში სასამართლო რეფორმის გატარებამდე - 2021 წლის 12 ივლისს მმართველმა პარტიამ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე.
ხელისუფლებამ ასევე არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი დათქმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ - პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.