საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელს" უწოდებს. გარდა ამისა, მოსამართლეებისთვის "გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი" აღმოჩნდა პროცესთან დაკავშირებული ზოგადი შეფასებები.
მოსამართლეთა კონფერენციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი წევრების არჩევა კანონის დაცვის მოხდა.
"ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც "გაუგებარი" და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია", არამედ - ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება. კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.
გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა აღნიშნული კონფერენციის ჩატარება "ნაჩქარევად": კონფერენცია დაინიშნა და მისი დღის წესრიგიც გამოქვეყნდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით. ამდენად, ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ
განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე "ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას" და რომ "დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს". ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მათ მიერ სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
ამასთან, მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი.
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.
კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც.
მან მიანიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ევროკავშირის მხრიდან, რომლის გადმორიცხვაც სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა.