logo
ENG



მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა

05 ნოე 202109:36
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. როგორც ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან ყვება, მიტროპოლიტი გამთენიისას მონასტერში ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

სალხინოს მონასტერთან მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

"ჩვენ რომ ჩამოვედით აწყურის მონასტრიდან, აქ დაგვხვდნენ ჩოხოსნები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არ შეგვიშვეს. მერე შევედით ძლივს, ვნახეთ წინამძღვარი გადაჰყავდათ, არ ვუშვებდით, მაგრამ ისე მოხდა დაგვიჭირა პოლიციამ ყველა, ჩოხოსნები დაეხმარნენ. მათი ძალდატანებით წაიყვანეს რამდენიმე მღვდელი. მე ვუხსნიდი, რომ არ ვიყავი როგორც ასე განკვეთილი მღვდელი და გამიშვით", - ყვება ფორმულასთან მამა ანანია.

სალხინოს მონასტრის შესასვლელთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 

ერთ-ერთი პირი, რომელსაც მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ამბობს, რომ ჩოხოსნებმა კელიებში შესვლა სცადეს, რაზეც წინააღმდეგობას უწევდნენ. 

"15 წელია აქ ვცხოვრობთ და ჩვენი გამოსახლება, ბერების გამოსახლება მონასტრიდან ეს იციან რუსებში, არიან კაზაკები. კაზაკები მართავენ ყველაფერს. დღეს ამგენმა კაზაკების გვარდია მოგვიყვანეს, ე.წ. ჩოხოსნები", - აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენე. 

სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. 

რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ. 


close დახურვა