logo
ENG



ფაიზერი: კოვიდის ანტივირუსული წამალი 89%-ით ამცირებს სიკვდილიანობას ან ჰოსპიტალიზაციას

05 ნოე 202116:18
3 წუთის საკითხავი
 

ფაიზერის განცხადებით, დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების თანახმად, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი მაღალეფექტიანია დაავადების მძიმედ განვითარების წინააღმდეგ.

კერძოდ, მათი განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციას, ან სიკვდილს 89%-ით ამცირებს.

კვლევის შუალედური მონაცემებით, 1 219 მაღალი რისკის მქონე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან, რომლებსაც პაქსლოვიდით უმკურნალეს, 0,8% გადაიყვანეს საავადმყოფოში. ასევე, იმ პაციენტებიდან, რომლებმაც ექსპერიმენტული წამალი მიიღეს, არცერთი არ გარდაცვლილა. მათ კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან პაქსლოვიდით 3-დღიანი მკურნალობა ჩაუტარდათ.

როგორც BBC წერს, წამალი პაქსლოვიდი განკუთვნილია ხანდაზმულებისთვის და სხვა მძიმე დაავადებების, მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის. მათივე ცნობით, ფაიზერის მიერ შექმნილი წამალი იმ ფერმენტს ბლოკავს, რომელიც ვირუსის გამრავლებას სჭირდება.

ფაიზერის განცხადებით, იგეგმება მისი შუალედური კვლევის შედეგების გაგზავნა აშშ-ს წამლის მარეგულირებელ სააგენტოში.

ფაიზერის კვლევის შედეგებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ დაამტკიცა პირველი აბი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს კურნავს.

ლაგევრიო, იგივე მოლნუპირავირი, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტია, რომლის მიღებაც სახლში, ტაბლეტის სახით, პირის ღრუდან შეიძლება და არა მაგალითად, ინექციის გზით.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ვერ ჩაანაცვლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

წამალმა ავტორიზაცია მიიღო რისკ ჯგუფებისთვის, როგორიცაა 60 წელს გადაცილებული პაციენტები და დაავადებები - სიმსუქნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. კორონავირუსით დაავადებულ მოწყვლად ჯგუფებს მედიკამენტს დღეში ორჯერ მისცემენ.

ცდებმა აჩვენა, რომ მოლნუპირავირი კურნავს გრიპის სიმპტომებს, ასევე, ნახევრამდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკებს.

მედიკამენტი ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს, რადგან აბში შემავალი ნივთიერება მიზანში იღებს და ანადგურებს კორონავირუსის იმ ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი ასლების შექმნისთვის იყენებს. 

მოლნუპირავირის შემქმნელი ფარმაცევტული კომპანია Merck მიიჩნევს, რომ მედიკამენტი ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება მომავალში გამოჩნდეს.

მედიკამენტის ეფექტურობა ყველაზე მაღალი დაავადების ადრეულ სტადიაზეა. ექიმების რეკომენდაციით, აბის მიღება სასურველია კორონავირუსის დადასტურებიდან, რაც შეიძლება მალე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ჯანდაცვის უწყება მუშაობენ, რომ წამალი უფრო დეტალურად შეისწავლონ და მისი გამოყენება ქვეყნის გარეთაც გახდეს შესაძლებელი.

 


close დახურვა