logo
ENG



ომბუდსმენი: სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს

06 ნოე 202117:49
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს
კადრი

სახალხო დამცველის განცხადებით, რუსთავის ციხეში ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან ციხის სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველის რწმუნებულები დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის ციხეში გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია მის შიმშილობაზე. 

მიღებული ინფორმაციის შედეგად, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. 

"პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილ სამედიცინო ფორმებში არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში", - წერს ომბუდსმენი. 

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.

ამის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას:

"ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა".

ასევე, სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს.


close დახურვა