საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ეს ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე თქვა.
როგორც მან აღნიშნა, დეპუტატებს რატი ბრეგაძესთან კონკერტული კითხვები აქვთ და სურთ მოისმინონ არგუმენტები - რატომ არღვევს ხელისუფლება საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებს.
"მე, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას სახელით, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის სახელით, ვითხოვ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ შეხვედრის უფლებას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მან განგვიმარტოს ის არგუმენტები, ტელევიზიით, რომ საუბრობს და ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი, დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები, რატომ არის და რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ მუხლებს", - ამბობს დეკანოიძე.
როგორც მან აღნიშნა, მათი დაპირისპირება არ სურთ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებულ უფლებას.
"თუ აქვს იმის გამბედაობა, რომ არ იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული თანამდებობის პირი და იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი, გამოაგზავნოს ვინმე ან გამოვიდეს, ან ჩვენ შევხვდებით, შევალთ. არ გვინდა კონფრონტაცია და დაპირისპირება, ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეხვედრას, კანონით და კონსიტუტციით გათვალისწინებულ უფლებას", - თქვა დეკანოიძემ.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის მე-40 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.