logo
ENG



კალიურანდი: არჩევნები კონკურენტულად შეფასდა, მაგრამ ისმის კითხვა - არის ეს საკმარისი?

09 ნოე 202117:40
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, თუმცა, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი. 

"მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტიდან

დიახ, მთლიანობაში, საქართველოს არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს? და ხომ არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებულია?". - თქვა მან საია-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარზე

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები ნორმალურ სამუშაო რუტინას დაუბრუნდებიან.

"არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და გასული წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება მუშა პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიები არ იქნება ბოიკოტირებული, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული და სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იქნება ძლიერი და აქტიური.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროპარლამენტარები, თვალს ვადევნებთ დისკუსიებსა და მოვლენების განვითარებას საქართველოს პარლამენტში. თუ ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან არ არიან საკმარისად ძლიერები, გვენდეთ, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს დემოკრატიის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება პარლამენტში და ჩვენ, ასევე, ვიქნებით ოპოზიციის ხმა, თუ ეს საჭირო გახდება! მაგრამ, მე მინდა მოვუწოდო მხარეებს, ითანამშრომლონ საქართველოს პარლამენტში და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

ბევრი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება - კოვიდპანდემია, ეკონომიკური გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა. უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები". - თქვა მარინა კალიურანდმა

შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა ასევე თქვა, რომ საქართველო არ უნდა დაელოდოს დასავლეთის მედიაციას და თავად გადაჭრას პრობლემები, ვინაიდან ქვეყანა არ უნდა იყოს ევროკავშირზე დამოკიდებული. 

 

close დახურვა