logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილი სასამართლოში შესაძლო დესტრუქციის გამო არ გადაგვყავს

10 ნოე 202113:06
3 წუთის საკითხავი
 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დარბაზში იმიტომ არ გადაჰყავთ, რომ შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქცია" და გადაყვანას ხელი შეუშალონ. 

უწყების მტკიცებით, მსგავსი ქმედება იგეგმებოდა ექსპრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროსაც. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

მათ განზრახული ჰქონდათ ამ დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა". - აცხადებს უწყება. 

ადვოკატები ითხოვდნენ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას ექსპრეზიდენტი დასწრებოდა.

გუშინ, 10 ნოემბერს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. ადვოკატის თქმით, პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოსთვის უარი ეთქვა. 

თუმცა, უწყებამ სასამართლოს მოთხოვნა მაინც არ დააკმაყოფილა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო  7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმის განხილვას დაიწყებს. 

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარეს.


close დახურვა