logo
ENG



გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა

10 ნოე 202123:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/2adbxdacuk5nr1y.png

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

გვარამია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია. მისივე თქმით, შიმშილობასთან და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილთან ხვალ ისაუბრებენ. 

"ამ სპეკულაციებს, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება შეეშვება დღეიდან. მეორე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, შიმშილობის შეწყვეტის პლატფორმა გაჩნდა, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული", - ამბობს გვარამია. 

როგორც ის აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს ყოველდღიური განახლებული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს ინფორმაცია უნდა შეჯამდეს. 

"თუ მისი [სახელმწიფოს] გადაწყვეტილება გაგრძელდება გლდანის ციხის მიმართულებით, სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს უკვე. 24 ნოემბრამდე უმძიმესი პირობების წინაშე დადგება, რადგან უბრალოდ ვერ შესრულდება ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ცხადია გვერჩივნა, რომ პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება", - აცხადებს ნიკა გვარამია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს "შიმშილობა მოსთოვა", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.


close დახურვა