უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვიდეო ადასტურებს ფიზიკური ძალის გამოყენებასა და ზიანის მიყენებას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
როგორც უკრაინის ომბუდსმენი აღნიშნავს, გავრცელებული ვიდეო ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
უკრაინის ომბუდსმენს ასევე სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებები მოჰყავს მაგალითად, სადაც ნათქვამია, რომ დამამცირებელ მოპყრობად ითვლება ყველა ის მოპყრობა, რომელიც დაზარალებულს უჩენს შიშის და ტანჯვის განცდას.
"საქართველოს პენიტენციური სამსახურის ქმედებებით დაირღვა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ასევე გაერო-ს კონვენციის პირველი მუხლი, რომელიც წამებასა და სხვა არაადამიანურ ქცევებს, ასევე დამამცირებელ ქმედებებს ეხება.
მოვუწოდებ გაერო-ს კომიტეტსა და ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტს, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების ქმედებების ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას დეტალურად გამოიძიოს სააკაშვილის უფლებების დარღვევა, რომელიც პირად უსაფრთხოებას ეხება.
საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება", - ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე პენიტენციური სამსახურის ვიდეოსაც აქვეყნებს და ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და ორგანოს მიმართავს.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.