პოლიტიკური ოპოზიცია და დაჯარიმებული მოქალაქეები ხელისუფლების წინააღმდეგ - გირჩის შემდეგ ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ოპოზიციური პარტია „ლელო“ ემზადება.
საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეები საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი იქნებიან. პარტია „ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მაისს მიმართავს. სარჩელის ავტორები სადავოს ხდიან იმ ძალაუფლებას, რაც მთავრობას პრეზიდენტის მიერ გამოცემულმა დეკრეტმა მიანიჭა. ამბობენ, რომ დღეს კანონი არის მთავრობა, რომელიც საგანგებო ვითარებაში ადამიანის უფლებებს არაკონსტიტუციურად ზღუდავს და ასევე პანდემიის დროს წესების დარღვევის შემთხვევაში პატიმრობასაც უშვებს.
პოლიტიკური პარტიების სარჩელების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ დაჯარიმებული მოქალაქეების დავების განხილვაც მოუწევს. იურისტების ნაწილი სადავოს ხდის პრეზიდენტის მიერ 21 მარტს გამოცემული დეკრეტის იმ ნაწილს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის ფულად და საპატიმრო სანქციებს ადგენს.
პრეზიდენტის დეკრეტი რომ პრობლემურია, ამას პირველივე დღიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აცხადებენ. მათთვის სადავოა ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისთვის სანქცია სოციალურ კრიზისში მყოფი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია.
სარჩელების ავტორები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან სარჩელის ოპტიმალურ ვადებში განხილვას ითხოვენ. დაჯარიმებულების რიცხვი ყოველდღიურად ათობით მოქალაქით იზრდება.