logo
ENG



5 საათზე მოვდივარ თევზის გამო და ამით ვჭამთ ჩვენ - ფოთში აქცია გაიმართა

29 იან 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. აქცია თევზით მოვაჭრეებმა გამართეს. ისინი თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მოვაჭრეების თქმით, წლების განმავლობაში ისინი ამ საქმიანობას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი სამი წლის წინ სწორედ მერიის გადაწყვეტილებით გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.

"სახლი და კარი არ მაქვს. ხუთ საათზე მოვდივარ თევზის გამო და ამით ვჭამთ ჩვენ. არც პენსია მაქვს, ოპერაცია გავიკეთე და არაფერი არ მაქვს",-აცხადებს ლილი მსეხი

მოვაჭრეების განმარტებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი არ დაიშლებიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. 

"მერიამ დაგვაკმაყოფილოს ადგილით. მოგვცეს ისეთი ფართი, რომ მუშაობა შევძლოთ, ვარჩინოთ ბავშვები  და გავწვდეთ ბანკის ვალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიშლებით",-აცხადებს ლალი ქორჩილავა.

მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ მათთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელია. 

"დასრულების ფაზაშია მდინარე რიონის ქალაქში შემომავალი ტოტის გაწმენდითი სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯებირიდან ჯებირამდე გაჩნდება წყლის სარკე. ანუ ის ხმელეთი, სადაც დროებითი ვაჭრობის უფლება ჰქონდათ მიცემული, აღარ იქნება",-აცხადებენ მერიაში. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


close დახურვა