logo
ENG



5 ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სია ოფიციალურად გაუქმდა

15 დეკ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/vkcfuer1bxaris1.jpg

ნაციონალური მოძრაობას, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, ლელო-ს და სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შესაბამისი განკარგულებები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჟვანიას თავად პარტიების თავმჯდომარეებმა მიმართეს.  

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს. 

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთაბხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. პროცესის პარალელურად ოპოზიციის ნაწილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მათ გაანულეს სიები და უარი თქვეს მანდატებზე. 

პარტიების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების შემდეგ სიაში მხოლოდ ის დეპუტატები რჩებიან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა 11 დეკემბერს სცნო. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ, საკანონმდებლო ორგანოში მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს. 

თუ პარტია ცესკოს საარჩევნო სიების რეგისტრაციის გაუქმებას არ სთხოვს და მანდატზე უარს მხოლოდ ცალკეული დეპუტატები იტყვიან, მათი ადგილი პარლამენტში შესაძლოა დაიკავოს სიაში მომდევნო წევრმა. 


close დახურვა