logo
ENG



პავილიონისი: ხელისუფლებამ ევროპარლამენტარები სააკაშვილს არ შეახვედრა. ეს ევროპაში ხდება?

13 ნოე 202114:24
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ევროპელ და ლიეტუველ პარლამენტარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.

პავილიონისის თქმით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის სანახავად ქვეყანაში ჩამოვიდა ლიეტუვის სეიმის წევრი და საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარე - რაიმუნდას ლოპატა და ასევე ლიეტუვის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატი - ვილია თარგამაძე.

"საქართველოს მმართველებმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს ანა ფოტიგას - პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ევროპარლამენტის კონსერვატორ მინისტრს, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდას ლოპატასა და სოციალ-დემოკრატ - ვილია თარგამაძეს. ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, რათა შეხვედროდნენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს. ეს ევროპაში ხდება?“ - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი

პავილიონისი ასევე აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს მიერ ლოპატასადმი გაგზავნილ უარის წერილს. იუსტიციის სამინისტრო პატიმართან ვიზიტზე უარს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებით ხსნის და ამბობს, რომ ამ მომენტისთვის სააკაშვილის მონახულება მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დაშვებული ვიზიტორებისთვისაა შესაძლებელი.

„ვითვალისწინებთ რა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც კვლავ უარს ამბობს აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის მიღებაზე და ასევე პენიტენციური სამსახურის ვალდებულებას დაიცვას მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მომენტისთვის, მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დაშვებულ მნახველებს შეუძლიათ ვიზიტი", - წერია იუსტიციის სამინისტროს წერილში.


close დახურვა