logo
ENG



გვარამია ომბუდსმენს: წამების საწინააღმდეგო ეროვნული მექანიზმი შევიდეს სააკაშვილთან ციხეში

13 ნოე 202121:51
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში წამების გამო, ცენტრი ემპათია, ექიმთა ჯგუფი და ადვოკატები სახალხო დამცველს მიმართავენ მისი ეგიდით შედგეს პარიტეტული კონსილიუმი, რომელშიც შევლენ როგორც მიმართვის წარმდგენები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული პირები.

"სახალხო დამცველს, მივმართავთ თხოვნით, რომ წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეროვნული მექანიზმი - "ოპკატის" მექანიზმი შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, გააუქმოს მისი ჩვენება წამებასთან დაკავშირებით, მოახდინოს ინსპექტირება და მიმართოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, გაეროსთან არსებულს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებაზე რეაგირება მოახდინოს" - , ამბობს ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მუდმივი წამების ქვეშ იმყოფება უწევს პატიმრებისგან მუდმივი გინება/მუქარის მოსმენა და ანთებულ შუქში ყოფნა, რაც საერთაშორისო კონვენციით ფასდება როგორც წამება.

"მიხეილ სააკაშვილის კონდიცია ჯანმრთელობის არის ძალიან მძიმე, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მას რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ შემოვალთ და გაგისწორდებით.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა" - ამბობს გვარამია

ასევე, ცენტრ ემპათიას დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ემპათიის დასკვნით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის მოწოდებისამებრ შეწყვიტოს შიმშილობა, საჭიროა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი რეაბილიტაციის პირობები გლდანის ციხის საავადმყოფოში არ არის და შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ ორგანოთა სისტემის გართულებებს, შესაძლოა მოჰყვეს მყისიერი სიკვდილი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს არც შუქის ანთების საშუალება ეძლევა.


close დახურვა