logo
ENG



შაბათის ფორმულა: კალაძის კომპანიას ინვესტიციის არგანხორციელებისთვის, ჯარიმებს არ ახდევინებენ

13 ნოე 202122:43
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორი ანგარიში ჩაუვარდა ხელში, რომლიდანაც გამქრალია ათამდე საქმე, რომელიც მრავალ დარღვევას მოიცავს და ქვეყანას ასეულობით მილიონი ლარით აზარალებს. 

ერთ-ერთი საქმე თბილისის მერის კახა კალაძის კომპანიას შპს არსენალ დეველოპმენტს ეხება. ამ კომპანიას გადაეცა, 2008 წელს თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე (არსენალის მთაზე) შენობა-ნაგებობები და 772 958 კვადრატული მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულებით მყიდველმა [კალაძის კომპანიამ] იკისრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა საპრივატიზებო საფასურის და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას. თუმცა, არც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა სრულად და არც ინვესტიცია განახორციელა.

არსენალის მთა, სადაც კალაძეს სამთავრობო კომპლექსი უნდა აეშენებინა ახლაც ხელუხლებელია. დარღვეული პირობების გამო თბილისის მერს უნდა ეკისრებოდეს პირგასამტეხლო, ასობით მილიონი ლარი, თუმცა აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, უკვე წლებია კალაძის საკითხი გადაწყვეტილების გარეშე - რჩება ღიად.   

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კალაძის კომპანიას 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულება კი ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმდა. მას შემდეგ, ყოველდღიური ჯარიმა, ვალდებულების არშესრულების გამო, 20 ათას დოლარს შეადგენს. 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კალაძის კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 

წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებით, გაირკვა, რომ 2019 წელს კალაძემ ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართა, რომ ჯარიმები ჩამოეწერათ, თუმცა ამ დრომდე უცნობია ჩამოუწერეს თუ არა თბილისის მერის კომპანიას პირგასამტეხლოები, ან დაავალეს თუ არა მათი გადახდა. 

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა დარღვევები, კალაძის ასობით მილიონი გადაუხდელი პირგასამტეხლო, საკუთარ საბოლოო დასკვნაში შეიტანა, რომელიც ამ დრომდე გაურკვეველი ვადით პროკურატურაში დევს.

რატომ არ იწყებს უწყება გამოძიებას - განიხილება ორი ვერსია: ერთი, ცდილობენ კალაძეს პირგასამტეხლოები როგორმე ეპატიოს და მილიონამდე კვადრატული მიწის ნაკვეთი დარჩეს ყოველგვარი პასუხისმგებლობების გარეშე. მეორე - შესაძლოა ამ საქმეს პროკურატურა კალაძის წინააღმდეგ იყენებდეს, რადგან ის რაც აუდიტმა შეისწავლა სისხლის სამართლის დანაშაულია. 


close დახურვა