logo
ENG



რას ჰყვება ბანკში მყოფი მძევალი - შაბათის ფორმულამ ქუთაისის სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია

24 სექ 202221:02
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გაარკვია. მძევალი, რომელმაც 10 საათი შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვეობაში გაატარა - დეტალურად გვიყვება, რა ხდებოდა ბანკის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა თავდამსხმელი ულტიმატუმის დაკმაყოფილებას ითხოვდა.

მძევალი ასევე იხსენებს, რომ გრიგოლ ნარსიამ არ იცოდა შენობის სრული გეგმა და არ იცოდა, რომ არსებობდა უკანა კარიც, საიდანაც მძევლების ნაწილმა გაქცევა სწორედ მაშინ შეძლო, როცა თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ელოდებოდა. ამის შემდეგ, დარბაზში დარჩენილების დასაშინებლად, თავდამსხმელმა ჰაერში გაისროლა.

37 წლის გრიგოლ ნარსიას, დაცვის პოლიციის, შემდგომში კი გეგუთის ციხის თანამშრომლის ტყვეობაში მძევლები 9 საათი იყოფებოდნენ, ის 2 მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების დროს, პოლიციელებმა გრიგოლ ნარსიაზე ფიზიკურად იძალადეს, რისი კვალიც ბრალდებულს მკაფიოდ ეტყობა.

გრიგოლ ნარსიამ ადვოკატის ინფორმაციით, ყაჩაღობის გამართლება შვილის ავადმყოფობით სცადა, ის ცოლს დაშორებულია, ორი შვილი და დედა ჰყავს, რომელიც მისი დამცველების ხარჯებს ანაზღაურებს, თუმცა ემიგრაციაში მყოფი ლიანა კვარაცხელია, მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებს.

სახლი, სადაც ნარსია ცხოვრობდა, დაკეტილია. ქონება თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე თვის წინ იპოთეკაში ჩადო.

ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ბანკი 11 ჯერ დააყაჩაღეს, შსს კი ბადრი ესებუას უკვე 2 წელია ეძებს. ამის ფონზე მინისტრი ვახტანგ გომელაური ესებუას ეფექტის არსებობას არ აღიარებს.


close დახურვა