logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატი: მდგომარეობა გაუარესებულია, ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას

15 ნოე 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის ადვოკატი: მდგომარეობა გაუარესებულია, ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილმა დღეს რამდენჯერმე ლოგინიდან ადგომაც ვერ მოახერხა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები, დღეს რამდენჯერმე იყვნენ შესული მასთან ოთახში იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და შესაბამისად, იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე. დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შესვლაც არის მისი მოთხოვნა", - თქვა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია, ბოლოს როდის ნახა ციხის დირექტორი ყოფილმა პრეზიდენტმა, თუმცა საძაგლიშვილის თქმითვე, სააკაშვილს მასთან არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი.

"ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი N18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი, არაერთხელ ჰქონდა ამ ადამიანთან კონტაქტი. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით პასუხს. აქამდე სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ იმიტომ მოხდა ტესტის ჩატარება, რომ N18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი", - ამბობს საძაგლიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.


close დახურვა