უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში დაბრუნდა. ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას კიდევ ერთხელ გეგმავს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ღელავს ყოფილ პრეზიდენტზე და სურს გაიგოს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"ზუსტად უნდა გავიგოთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვღელავთ, რადგან უკრაინის მოქალაქე ასეთ პირობებში იმყოფება. ვფიქრობთ, შიმშილობის 46-ე დღეს მაინც გადაწყვეტენ, რომ საჭიროა მისი სამოქალაქო მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა", - ამბობს ლუდმილა დენისოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.