ევროკავშირი პოლონეთის საზღვართან მიგრანტების მზარდი კრიზისის გამო, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკავშირის დიპლომატი ჯოზეფ ბარელი ადასტურებს ევროკავშირის ამ ნაბიჯს და აღნიშნავს, რომ ბელარუსმა მოწყვლადი მიგრანტები იძულებით ჩართო ჰიბრიდულ ომში, რომელიც უფრო და უფრო მწვავდება.
დიპლომატები ბელარუსს მიგრანტების საზღვართან თავმოყრისთვის ბიძგის მიცემაში ადანაშაულებენ, რამაც მათი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ბელარუსი ამ ბრალდებას უარყოფს.
BBC-ის ინფორმაციით ორშაბათს, ევროკავშირის მინისტრებმა გამართეს შეხვედრა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ბელარუსისთვის ამგვარი შეზღუდვების მეხუთე ტალღაა.
ახალი სანქციების შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა BBC იუწყება, რომ ევროკავშირი აპირებს შეწყვიტოს კონტრაქტი ბელარუსულ ავიაკომპანია ბელავიასთან. გარდა ამისა, მოსალოდნელია სამოგზაურო სააგენტოების სანქცირებაც, თუ ისინი მიგრანტებს შუა აღმოსავლეთიდან ან სხვა ლოკაციებიდან მინსკში გადაფრენაში დაეხმარებიან.
ორშაბათს, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ამ ახალი სანქციების წინააღმდეგ ზომების მიღებით დაიმუქრა. ის ირწმუნება, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტების ბელარუსში დაბრუნება სცადა, თუმცა მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა.
ორშაბათს, ასობით მიგრანტი პოლონელმა სამხედროებმა საზღვრის გადაკვეთისას შეაკავეს. ეს მიგრანტები კუზნიცას დროებითი ბანაკიდან არიან, სადაც ათასობით ადამიანი, ბელარუსის მხარეს კარვებშია შესახლებული. მიგრანტები ორივე მხრიდან პოლონელი და ბელარუსი სამხედროებით არიან გარშემორტყმული. პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიგრანტებს არ შეუძლიათ პოლონეთში შესვლა, მაგრამ მათ ბელარუსში დაბრუნების უფლებასაც არ აძლევენ.
- რა ხდება ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან?
ამ დროისთვის, ბრუზგი-კუზნიცას მოსაზღვრე რეგიონში დაახლოებით 2000 ადამიანია თავმოყრილი. მათ შორის დაახლოებით 200 ბავშვია. მიგრანტები, რომელთა უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდან და აზიიდან არიან, პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობენ, რათა სხვა ევროპულ ქვეყნებში (მათ შორის გერმანიაში) უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოტივით შეძლონ გადასვლა. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირაა საზღვრის გადაკვეთას ცდილობს.
არაერთი მიგრანტი უკვე დაიღუპა სიცივისგან. არსებობს ჰიპოთერმიის მაღალი რისკებიც. მომდევნო კვირაში ამ რეგიონში ტემპერატურა 0° ცელსიუსამდე დაეცემა. მიგრანტების უმეტესობა ღამეს ღია ცის ქვეშ ატარებს. მცირე ნაწილს აქვს კარვები ან ბუნებრივი მასალისგან შექმნილი თავშესაფრები. მიგრანტების უკან ტყეა, წინ კი რკინის ღობე, რომელსაც პოლონეთის პოლიცია, საზღვრის მცველები და სამხედროები იცავენ.
BBC-ის ინფორმაციით, აგვისტოს შემდეგ ათასობით კაცმა, ქალმა და ბავშვმა პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ მოიყარა თავი. დასავლელი ლიდერები ბელარუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან მიგრანტების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი ბელარუსს ადანაშაულებს ათასობით ადამიანის მოტივირებაში გადაეკვეთათ პოლონეთისა და სხვა მიმდებარე სახელმწიფოების საზღვრები, რათა ევროკავშირის ბლოკში ჰუმანიტარული კრიზისი გამოეწვიათ.
ისინი აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ მიგრანტები მოატყუა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მარტივად მოახერხებდნენ შესვლას. ევროკავშირში ამ კრიზისს ბელარუსის მხრიდან ადამიანის უფლებათა შეურაცხყოფის გამო დაწესებულ სანქციებზე პასუხად აღიქვამენ. მეორე მხრივ, ლუკაშენკოს მთავრობა ამ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და პასუხად დასავლეთს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებასა და მიგრანტების არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
ბელარუსის ყველაზე დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი რუსეთი კი საზღვრის კრიზისთან გამკლავების საკითხში მინსკის გადაწყვეტილებებს იცავს და იმავდროულად უარყოფს რუსეთის ამ კრიზისში ჩართულობას. ვლადიმერ პუტინმა კვირას, ტელეკომპანია Россия-1-ის ეთერში ევროკავშირი მიგრანტების ნაკადის გააქტიურებაში დაადანაშაულა.
„ახლა ისინი, ეძებენ ადამიანს, ვისაც დააბრალებენ ამ სიტუაციას, რათა თავად აირიდონ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შაბათს, სიტუაციის გამწვავებას ხელოვნურად შექმნილი მიგრაციის კრიზისით მთელს ევროკავშირზე თავდასხმა უწოდა.
ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაზიანდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ გასულ წელს დისკრედიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ქვეყანაში შემდგომი უკმაყოფილების აღკვეთა მასობრივი პროტესტების ძალადობრივი დაშლითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით სცადა.
BBC-ის ინფორმაციით, ლუკაშენკო ორშაბათს გერმანიის კანცლერს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი არჩევნების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლუკაშენკო დასავლელ ლიდერს შეხვდა. მათ საზღვართან მყოფი მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ისაუბრეს.
იმავდროულად, ლუკაშენკოს ახლო მოკავშირე, ვლადიმერ პუტინი, გუშინ 2 საათის განმავლობაში ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მაკრონის მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საზღვართან სიტუაციის დეესკალაცია აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი ამ კრიზისის მთავარ შემოქმედად სწორედ რუსეთის პრეზიდენტს მოიაზრებს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ, ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტზე პუტინის გავლენაზე და მოუწოდა პუტინს, რომ ამ გავლენის გამოყენებით ლუკაშენკოს შეაწყვეტინოს მოწყვლადი ხალხის ექსპლუატაცია და შევიწროება. კვირას კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიგრანტების კრიზისის შექმნის მთავარ მოტივად, უკრაინის საზღვრის მიმდებარედ რუსეთის ქმედებებისადმი ყურადღების მოდუნება დაასახელა.
კრიზისის შეფასება და დეტალებზე საუბარი რთულია, ვინაიდან პოლონეთმა ჟურნალისტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს მოსაზღვრე რეგიონში შესვლა აუკრძალა. დაძაბულობის განეიტრალების ნიშნები ჯერ არ ჩანს. კვირას კი პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ განაცხადა, რომ ათობით მიგრანტი ბელარუსის თავდაცვის ძალების დახმარებით პოლონეთში შეღწევის მცდელობას გეგმავდა.