აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"რუსული მხარის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთის სამხრეთ საზღვარზე ადგილობრივი დროით 18:30 საათიდან. სიტუაცია შედარებით სტაბილურია", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. როგორც მოსკოვში აცხადებენ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბრის დროს მხარეებს შეიარაღებული შეტაკებების დასრულებისკენ მოუწოდა.
16 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო შეტაკებები დაიწყო. ორივე ქვეყანა პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათი ორი სამხედრო დაიჭრა. ამავე დროს, სომხეთი აზერბაიჯანს მათი სუვერენულ ტერიტორიის დარღვევასა და ქალბაჯარისა და ლაჩინის რიონებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
სომხეთმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის რუსეთს მიმართა და გაიხსენა 1997 წლის ორმხრივი შეთანხმება, რომელიც რუსეთთან დაიდო. კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 16 ნოემბერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.
ერევნის მტკიცებით, თავდასხმა აზერბაიჯანმა დაიწყო და ლოკალური ბრძოლებისთვის არტილერიას და სხვა ტექნიკას იყენებდა. სომხური მხარე ერთი სამხედროს გარდაცვალებას ადასტურებს და ამბობს, რომ 12 ტყვედ აიყვანეს.
გასული წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება, რომელიც ყარაბაღში 44-დღიანი შეტაკებებისა და ყარაბაღის ომის დასრულებას დაედო საფუძვლად. დოკუმენტის თანახმად, ბაქოს კონტროლის ქვეშ სადაო ტერიტორიების დიდი ნაწილი გადავიდა, ხოლო ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროები განლაგდნენ.