logo
ENG



წითლიძე: ხელისუფლებამ ზუგდიდში ვადაგასულ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის მიღება დაავალა

17 ნოე 202114:43
3 წუთის საკითხავი
clock 1240

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლების დავალებით ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაჩქარებული წესით აპირებს.

წითლიძემ ამაზე ფორმულას ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ არალეგიტიმური პროცესი დაიწყო.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არჩევნების შემაჯამებელი ოქმიდან 30 დღის განმავლობაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე უნდა დანიშნოს ახალი საკრებულოს სხდომა. ყოველდღე ველოდებით, რომ უნდა დაინიშნოს და ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადაა 30 დეკემბერი. ახალი საკრებულოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი ვადა იმისთვის, რომ დაამტკიცოს ახალი ბიუჯეტი, თუმცა ამის პარალელურად, მმართველმა პარტიამ ზუგდიდში დაიწყო არალეგიტიმური პროცესი და დაავალა ძველ, ვადაგასულ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღება", - ამბობს წითლიძე. 

მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს და ეშინია.

"მათ ეშინიათ რადგან საკრებულოში არ აქვთ უმრავლესობა, კანონის მიხედვით, თუ ორჯერ ჩავარდება ბიუჯეტი, ეს არის საფუძველი ხელახალი მერიის და საკრებულოს არჩევნების. შესაბამისად, დაიჭირეს თადარიგი და გასცეს ბრძანება, რომ ვადაგასულმა საკრებულოებმა არალეგიტიმურად მიიღონ 2022 წლის ბიუჯეტი", - ამბობს წითლიძე. 

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხს საკრებულოს მოშიმშილე საკრებულოს წევრების პროტესტი მოყვა. მათ ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. 

სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილეებთან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შევიდა და მათ ოთახის დატოვება მოსთხოვა, რაზეც საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს.

15 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოს 5-მა წევრმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყო. 


close დახურვა