აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას მისი დაკავების დღიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რათა შეფასდეს სააკაშვილის ჯანმრთელობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უმკურნალოს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაბამისი მკურნალობის შესახებ.
ჩვენ, ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს, რომელიც მოიცავს სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.
ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.