logo
ENG



კობახიძე: ე.წ. კონსილიუმმა ფეიკი გაავრცელა ტიკარაძის პოზიციაზე და ამაზე მინისტრი ისაუბრებს

19 ნოე 202113:15
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ე.წ. კონსილიუმმა ფეიკი გაავრცელა ტიკარაძის პოზიციაზე და ამაზე მინისტრი ისაუბრებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია ექიმების გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა. კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ეკატერინე ტიკარაძე თავად გააკეთებს განმარტებას. 

"ეკა ტიკარაძეს აქვს მკაფიო პოზიცია ამაზე. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე. ამაზე მინისტრი თვითონ გააკეთებს განცხადებას", - თქვა კობახიძემ. 

18 ნოემბერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე. ჟურნალისტებთან საუბარში ისი აღნიშნავს, რომ მისი შთაბეჭდილებით, ექიმებმა შეძლეს მინისტრის და მისი მოადგილის დარწმუნება. 

"ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მორვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში", - თქვა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. 

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარი თქვა.


close დახურვა