logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილია

20 ნოე 202101:18
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაყვანილია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანები და ესკორტი შევიდა.

ესკორტამდე გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე სდსს-ს ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის, კუთვნილი ავტომობილი შევიდა.

ადგილზეა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელიც ელოდება პირობის შესრულებას, რომ მას და დიმიტრი საძაგლიშვილს დაასწრებენ სააკაშვილის შეყვანას ჰოსპიტალში, სპეციალურად მისთვის მოწყობილ პალატაში. ადგილზეა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც, რომელიც კოლონას ჩამოჰყვა.

ადგილზეა გიორგი ჩალაძეც, რომელიც ამბობს რომ პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში უკვე ჩამოყვანილია, თუმცა ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრებს, პირად ექიმს და ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილთან წვდომა არ აქვთ.

განახლება: გიული ალასანია და ნიკოლოზ ყიფშიძე გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შევიდნენ, ტერიტორიაზე შესულია ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილიც. გორის ჰოსპიტლის ჭიშკარი უკვე ჩაკეტეს.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მაშინ დაიწყო, როცა, დაახლოებით ერთი საათის წინ, გლდანის ციხე სასწრაფო დახმარების მანქანებმა დატოვეს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დღეს დასთანხმდა.როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის შეთავაზება მიიღო.

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა  შესთავაზა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზეს, ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

 გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს სხვა პოლიტიკოსებმა, ასევე დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 


close დახურვა