ამერიკული გამოცემა politico აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოცემას ადვოკატებისა და თანაგუნდელების მეშვეობით გაუგზავნა.
მიხეილ სააკაშვილი წერილში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ ბაიდენმა სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში ვიზიტისას დაპირებისამებრ, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას, რომელიც საფრთხის ქვეშაა.
"გწერთ საქართველოდან, თბილისიდან, მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, ქვეყნიდან, სადაც მე ერთ დროს პრეზიდენტად ვმსახურობდი. საქართველოში ოქტომბერში რამდენიმე წლიანი გაძევების შემდეგ დავბრუნდი და დამაკავეს ბრალდებებისთვის, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია. თითქმის 50 დღის განმავლობაში მე ვიშიმშილე, რითაც ჩემი დაკავება გავაპროტესტე, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ბოლო რამდენიმე წელში მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ დაისაკუთრა სასამართლო სისტემა, სახელმწიფო თუ კერძო მედია, კორუფციას ზრდის გასაქანი მისცა, არჩევნებით იმანიპულირა და ქვეყანა პუტინის რუსეთს დაუახლოვა.
ჩემი პრეზიდენტობისას, იმ დროისთვის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესტუმრა საქართველოს და დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერას, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიპყრო და ნაწილობრივ ოკუპაცია მოახდინა ქვეყნისა. "ჩვენ, აშშ, თქვენს გვერდით ვდგავართ, თავისუფალი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ სვლაში" - დაჰპირდა ბაიდენი საქართველოს. მან ჩემს ადმინისტრაციას მოუწოდა უზრუნველყო გამჭირვალე, პასუხისმგებლიანი და ერთიანი დემოკრატია.
დღეს მე მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს თავისი წილი ჩვენი ახალგაზრდა და საფრთხის წინაშე მყოფი დემოკრატიის მხარდაჭერაში. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე რომ დემოკრატია წინ წასწიოს ავტოკრატიასთან შედარებით, მე მაქვს იმედი რომ ის საქართველოს მთავრობას შეაჩერებს გამოუთხაროს ძირი იმ თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ მძიმე შრომით მივაღწიეთ" - წერს მიხეილ სააკაშვილი
წერილში ასევე, სააკაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის შედეგად გახდა და ირონიულია რომ მისმა პარტიამ წააგო 2012 წლის არჩევნებში. სააკაშვილი იხსენებს, როგორ მოუწონა საქართველოს სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მას შემდეგ კი, მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ქვეყანა მთლიანად მმართველ პარტიასთან აფილირებულ მცირე კლანს ემსახურება. სააკაშვილი წერილში ახსენებს 5 ივლისის მოვლენებს, ლგბტ თემის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებებს და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.
სააკაშვილი წერს, რომ საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციის ნაცვლად რუსეთისა და ირანისკენ მიისწრაფვის. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა აწუხებდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური ღირებულებების განდევნის მცდელობა.
მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ყურადღებას მიიქცევს ქვეყანაში არსებული შფოთი და ათასობით ადამიანის პროტესტი. სააკაშვილის თქმით, ქართველ ხალხს ახლა სჭირდება აშშ-ისგან ზურგის გამაგრება ავტორიტარიზმთან ბრძოლაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს ღიად დაგმოს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ასევე, აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს განიხილოს სანქციები მათთვის, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია, მაგნიტსკის აქტის ქვეშ. სააკაშვილი ხაზს უსვამს რომ ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების შემლახავთათვის საქართველოში.
მესამე პრეზიდენტი წერს, რომ მდივან ბლინკენის ვიზიტი აშშ-ის ხალხის მხრიდან საქართველოსადმი სოლიდარობის დასტურია. საბოლოოდ, სააკაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციას ურჩევს გააუქმოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დემოკრატიის სამიტზე მიწვევის გადაწყვეტილება, მისი თქმით ეს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაციაა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ " საქართველოში თავისუფლების შემაშფოთებელი ნგრევის და რუსული გავლენების პირისპირ" მას იმედი აქვს, რომ "ბაიდენის ადმინისტრაცია ნათელს მოჰფენს თუ სად დგას ის"
თავის მხრივ, politico-ს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა 2007-2013 წლებში აჩვენა მაგალითი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს დემოკრატიისკენ სწრაფვისა.
გამოცემა politico წერს, რომ ამ წერილის დაწერის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და დასთანხმდა შიმშილობის შეწყვეტას.