logo
ENG



ბოკერია: წარუმატებლობა იქნება, თუ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოგვიწევს

23 ნოე 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock 902

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, წარუმატებლობა იქნება, თუ ოპოზიციას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოუწევს. 

მისი შეფასებით, 2003 წლის ვარდების რევოლუციამ მოიტანა სწორედ ის, რომ დამკვიდრდა წესი - ხელისუფლებაში არის ის, ვისაც აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა, ხელისუფლებები კი არჩევნების გზით იცვლებიან. 

"შეიძლება, ვინმეს პარადოქსად მოეჩვენოს ის, რომ არასაარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა ამის საფუძველი გახდა. მაგრამ ეს არ არის პარადოქსი. 

ის, რაც 2012 წელს მოხდა, იყო სწორედ ვარდების რევოლუციის და ამის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის შედეგი. 

ყველა იმ მინუსის მიუხედავად, რომელზეც ოპონენტები მიუთითებენ, ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ის იყო, რომ 2012 წელს საარჩევნო გზით, კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად მოხდა ხალხის მიერ ხელისუფლების შეცვლა.

თუ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით მოგვიწევს, ეს წარუმატებლობა იქნება. ჩვენ ამისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ". - ამბობს გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში.  

მისი განცხადებით, ევროპული საქართველო ისწრაფვის იმხელა უპირატესობის მოპოვებისკენ, რომ მოქმედი ხელისუფლება იძულებული გახდეს, ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები. ბოკერიას შეფასებით, საზოგადოების შიგნით ეს უპირატესობა ოპოზიციას ჯერ არ აქვს. 

"და როცა არჩევნები ჩატარდება, იმხელა უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ საზოგადოების შიგნით, რომ ვერც კი სცადოს ის, რაც სცადა შევარდნაძემ და აბაშიძემ. ეს არის ამოცანა. 

თუ ეს არ გაჭრის, სამწუხაროდ, შეიძლება მოგიწიოს არასაარჩევნო გზით მოქმედება, რომელიც არის სარისკო. 

ახლა იმხელა უპირატესობა მოპოვებული არ გვაქვს საზოგადოების შიგნით რეჟიმის წინააღმდეგ, რამხელაც იყო მაშინ. ეს არის მთავარი ფაქტორი და არა ის, რამდენი ლიდერი იყო გამორჩეული ან ვისი აზრით, ვინ იყო ლიდერი". - თქვა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა