logo
ENG



ჰარცელის თქმით, სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის დასწრება მნიშვნელოვანია

25 ნოე 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 1275
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, საკუთარ სასამართლო პროცესებს დაესწროს. 

"მე გამოვხატე მოსაზრება მის დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიხედვით. იმედი მაქვს, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი დინამიკა იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, რომ დაფიქრდეს, როგორ შეინარჩუნონ ეს დინამიკა და წავიდნენ წინ", - ამბობს ჰარცელი

ჰარცელის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამით საკითხი არ დახურულა და ისინი სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებენ. 

"მივესალმები ქმედებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. მოხარული ვარ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორად მიმდინარეობს. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საკითხი დახურულია, ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი უფლებების კუთხით, მათ შორის მისი პირადი ცხოვრების უფლებებისა და ღირსებების დაცვის კუთხით, ასევე თვალყურს ვადევნებთ სამართლებრივ პროცესსაც", - ამბობს ჰარცელი

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.


close დახურვა